შემაშველე შენი ლოცვა შემაშველე, პოეზიის დედოფალო, ამამღერე სიყვარულად ამამღერე, ჩემი თავი გენაცვალოს. მერე რა, რომ მიმატოვეს იმედებმა ცრემლიანი, მერე რა, რომ სახეს ჩადრად ეფარება წარსულ დღეთა კაეშანი. მაპოვნინე სიშორეში ჩაკარგული ნისლიანი მოგონება. დამილოცე ხვალინდელი გაზაფხულის სიხარულად დაბედება. მაპატიე შენს უწმინდეს სალოცავთან უეცარი გამოჩენა. რა ვუყოთ, რომ ნაადრევად გამიავდრდა, ქარებს მოჰყვა ფოთოლცვენა. მაწყალობე, სანამ კიდევ მშფოთვარეა, ვნებიანი მელოდია, დღეებს ძველი აჩრდილები ტვირთად მიაქვთ, გული შენი მომლოდეა, მომიტევე, ნაზამთრალი იქნებ სულმა ვერ დაფაროს, სიყვარულად მამღერე და მერე თუნდაც, მერე თუნდაც... შენს ტაძარში ჩამომფერფლე, დედოფალო!