შორეთს ჩამოსწყდა ლოდინის ძაფი, ქანცმილეული დანებდა სრბოლას... დაღლილ ნაპირებს გაუქრა ქაფი, ტალღაც მოეშვა უმიზნო ბრძოლას... ფიქრის საზომი ზღვარს გადასცილდა, გრძნობამ დაკარგა თავისი წონა, სადღაც ზოლიან მინდორს შესცივდა, შემოიხვია ყვავილთა კონა... ჩამოიბარდნა ცის ნაგუბარი, ნისლის მანდილი ჩამოიშალა... ხემ მოიკითხა ხე მეგობარი, და ფოთლის გული გადაუშალა... ამოიწვერა სიჩუმე ზღვიდან... დრომ შეაჩერა ბალახზე ნამი... გადაუხვია ოცნებამ გზიდან და აღიბეჭდა ცხოვრების წამი!...
|