-მიყვარხარ! -დარწმუნებული ხარ? -როგორც არასდროს! -რა, წარსულშიც გქონდა მსგავსი რომანტიკული ისტორიები? -რა მნიშვნელობა აქვს, წარსული წასულია... -ჩემთვის აქვს მნიშვნელობა... -რატომ? -იმიტომ, რომ წარსული შენი ფესვია, შენი არსების ნაწილი, არ არსებობს მომავალი წარსულის გარეშე...
-რა, მომავალი არსებობს? -რა თქმა უნდა, მაშ რაღაა ხვალინდელი დღე... -წარსული, აწმყო და მომავალი ერთი მთელია..... -არა, ერთის ერთის სხვადასხვა ნაწილი... -და მაინც ხომ ერთია დრო, რომელიც სივრცესთან ერთად ჩვენი ცნობიერებისაგან დამოუკიდებლად არსებობდა, არსებობს და იარსებებს... -დრო ღმერთია... -არა, სიყვარულია ღმერთი... -სიყვარული დროისა და სივრცის სამკაულია... -სამკაული? მხოლოდ? -მამოძრავებელი ძალა... -მოძრაობა ხომ წინააღმდეგობათა მუდმივი თანხვედრაა.... -ჰო, ასეა, მაგრამ წინააღმდეგობათა მუდმივ ჭიდილში სიყვარული სულის გადარჩენის ერთადერთი საშუალებაა....
-არა, სიყვარული არ შეიძლება საშუალება იყოს, ის თავისთავადია,
დამოუკიდებელი, ყველასი და ყველაფრის მბრძანებელი., სრულყოფილი,
კეთილშობილი... -ესე იგი თითქმის ღმერთი... -შეიძლება... -რატომ შეიძლება? -იმიტომ, რომ არავინ იცის ღმერთის ცნება... -ღმერთი უფრო მეტია, ვიდრე ადამიანებს წარმოუდგენიათ... ვიდრე ქადაგებენ, ვიდრე წერენ, ვიდრე გვიგრძვნია... -ამას საიდან ასკვნი?
-იქიდან, რომ ღმერთის ცნების განსაზღვრას ადამიანის უდაბალორგანიზებულესი
ტვინი ვერ შესწვდება... როგორ შეიძლება ილაპარაკო იმაზე, რაც არ იცი? -მაშ ვინ არის იესო, რომელიც ადამიანთა მოდგმას მხსნელად მოევლინა, მათი ცოდვები იტვირთა და სისხლით გამოისყიდა...
-ღმერთი-სიყვარული, ღმერთი-ნუგეში, ღმერთი-სიტყვა, ღმერთი-სათნოება,
ღმერთი-სულგრძელობა, ღმერთი-ნათელი, ღმერთი-სიკეთე, ღმერთი-ჭეშმარიტება...
და ალბათ კიდევ ბევრი ის, რაც ჩვენი ცნობიერებისათვის მიუწვდომელია... -რატომ ასე შორს მისგან, ღმერთმა ხომ თავის სახედ და ხატად შექმნა ადამიანი და თავისუფალი ნება უბოძა...
-რა თქმა უნდა, მაგრამ პირველმა ადამიანებმა შეცოდეს, მერე მათმა
შთამომავლებმაც...და ასე...ცოდვამ იბევრა...ადამიანი განშორდა თავის
შემქმნელს, პირველსაწყისს...თავისუფალი ნებაც უნებურად ჩაერთო ამ
პროცესში... -ვერ დავბრუნდებით? -ცხოვრება გვაიძულებს მის დინებას
მივყვეთ....დრო არ ჩერდება...,,ერთ მდინარეში ორჯერ ვერ
შეხვალ”...პირველსაწყისთან დაბრუნების სურვილი ჩვენ-ჩვენი თავისუფალი ნების
არჩევანია... -მაგრამ გააჩნია, როგორ მიყვები ცხოვრების დინებას, უღმერთოდ თუ...თუ ესეც ნებაა თავისუფალი... -რა თქმა უნდა... -ახლა მე შენთან ღვთისაგან ბოძებული თავისუფალი ნების წყალობით ვარ, თუ... -შენ როგორ ფიქრობ? -დრო მიჩვენებს... -დრომ კი არა, გულმა უნდა გიკარნახოს... -გული შენთან ყოფნას მთხოვს... -და ეს გგონია სიყვარულია? -მაშ, რაა? -ინტიმი... -ნუთუ მართლა... -ეს შენს თავს შეეკითხე! -შენთან საკუთარ თავს ვკარგავ... -და ვერ პოულობ? -ძებნაც არც მიცდია... რატომ, საკუთარ თავს არ უფრთხილდები? -არა, როცა შენთან ვარ... -როცა ჩემთან არა ხარ? -მაშინაც შენთან ვარ... -და მოგწონს ეს? -ძალიან... -დარწმუნებული ხარ? -როგორც არასდროს ... რა, წარსულშიც გქონდა რამე მსგავსი? -დ უ მ ი ლ ი -სიყვარული მართლა ღმერთია, სულგრძელი და მიმტევებელი... -აი, უკვე ერთნაირად ვფიქრობთ!!! -ესეიგი, გამოგვივიდა... -მაშ, რა საჭირო იყო ამდენი დიალოგი... -დიალოგმა გადაგვარჩინა...