სასუნთქ გზებში გადამცდი,
საყლაპავ მილში გამეჩხირე ბურთივით
და მერე საცრემლე ჯირკვლებიდან
გამჭვირვალე სითხედ გადმომეცრემლე გამხდარ ლოყებზე.
როცა ღმერთს რაღაც უჭირს, რაღაც აწუხებს,
შველას ვისა სთხოვს?
ღმერთო, ხომ არ გაგაღვიძე, ღმერთო? ჩაი დავლიოთ, ღმერთო, მარტო შენ იცი,
ღმერთო, როგორ მცივა, გაიღვიძე ღმერთო, ეს დღეც დაღამდა, ეს მეშვიდე დღე
შენი თვალები
არარსებული ბუხრის სითბოს მიმეორებენ...
მოვდივარ შენთან,
ფრთხილად გადებ მუხლებზე თავს და
შენთან ერთად ვუსმენ,
როგორ უკრავს
არარსებული ოთახის კუთხეში
არარსებული,ძველისძველი გრამაფონი
ყველაზე დიდ და
განსხვავებულ სიჩუმეს...
კანსა და სისხლს შორის ჩაგიგუბე,
სანამ შეგიჩვიე
ფრჩხილებად წამომეზარდე.
სევდის სუნი აქვს..
აყვავილებულ ქლიავის ტოტს,
ჩამომჭკნარ ხელში
მარადშერიგებულებივით გაყუჩებულან
ეკალშესობილი და ეკლის ამომღები.
ხეების სუნი აქვს კედის.
- რას ეუბნება კედელი კედელს?
- კუთხეში შევხვდებითო ..
|