ერთი სწორი გზაა...გრძელი და.... -არსად არ გადაუხვიოო, ხომ მითხარი?....ჰოდა პირდაპირ მივდივარ...ეხლა- ვინ შემოგხვდაო გზაზე?.....რა ყველაფერი გაინტერესებს?... პირველი ნაბიჯი გადავდგი თუ არა, სუნი შემფეთა ცხვირ წინ....რაღაცნაირი იყო...მარტო დედაჩემს რომ აქვს, ისეთი...ცოტა რძიანიც... მეორე ნაბიჯი რომ გადავდგი და თვალებს მოვკარი თვალი...როგორ მეცნობა თქო გავიფიქრე...მამაჩემის თვალები არ ყოფილა? -წინ-წინ იარეო,მანიშნა და მეც გზა გავნაგრძე.... მესამე ნაბიჯი გადავდგი და ცოტა დავიღალე, დასაჯდომი არსადაა თქო, მივიხედე და... ბებოს კალთაში ჩავსკუპდი კიდეც...კალთას ჩავებღაუჭე და გავისუსე....სულში ჩავეკარი, გულში კი არა....ვიყავით ასე კარგა ხანს....მერე ბებოს ჩასთვლიმა და კალთიდან ჩამოვუხტი..ფეხაკრეფით გამოვეპარე..... მეოთხე ნაბიჯი გადაგმული არ მქონდა რომ, ისე მომშივდაააა.....წინ გამოწვდილი ორი მუჭა არ შემომხვდა? მაყვლით სავსე... -თუ მაყვალი არა, თუთას მოგიკრეფო... -თუ თუთას არა, ლეღვსო... -თუ ლეღვს არა ბალსო.... -თუ ბალს არა ატამს გაგიფცქვნი მაინცო... -თუ ატამს არა, ყურძენსო... -აუუ....ვისი მუჭა ხარ თქო ვკითხე , რას გადამაკიდე? გამწყრალმა შემომხედა: -პაპაშენისო..... -მუჭები დავუკოცნე, არ გამიწყრე რაა პაპიიი..... -არა, შენზე გაწყრომა იქნებაო? შუბლზე მაკოცა..მე ცხვირზე კაკოცე და.... მეხუთე ნაბიჯი გადავდგი თუ არა, ტირილი შემომხვდა, ტირილი კი არა, ჩხავილიიიიი...... ხან მოვეფერე.. ხან ვუყვირე... ხან ვთხოვე... -გაჩუმდი რა მეთქი და -აღუო..... -ეგ რა სიტყვაა თქო, ვკითხე და შენ ვინა ხარ მეთქი? -აღუ ჩემი სიტყვააო, მე ძმა არა ვარ და ვარო...ჰოდა , რომ გავიზრდები თმებს დაგაწიწკნი, ძმა რომ გინდოდაო.... -ეს სანამ გაიზრდება მეთქი და..გავნაგრძე გზა.... მეექვსე ნაბიჯი გადავდგი და.... ხან ვითამაშე... ხან დავხატე... ხან ვწერე... ხან ვიკითხე... ხან დამეჯღანენ... ხან დავეჯღანე... ხან გავიბუტე... ხან შევრიგდი... ხან შევიყვარე... ხან შემიყვარეს... ხან ვჭამე და ხან ვსვი....ნაბიჯები...ნაბიჯები...ნაბიჯები.... ერთი სწორი გზაა....გრძელი და ..... -არსად არ გადაუხვიოო, ხომ მითხარი? ჰოდა პირდაპირ მოვდივარ...შენც პირდაპირ იდექი..გვერდზე არა...რომ მითხარი არ გადაუხვიოო....ვაი, თუ გვედზე ჩაგიარო....