ფერი შემეფერა - უცხო ეფემერა, მერე მომეფერა ვიღაც. თვალი ჩამიდგა და თვალში ჩამახედა, აქაც მიპოვა და იქაც. კლიტე დამიგდო და კარი ჩამომიხსნა - მისი ნაკვალევი ვიცან... თეთრი ტირილია, თეთრი ტირილია, თეთრი ტირილია მიწა. აქეთ სიმღერის და ცეკვის ამინდია, პურ-ღვინო ამშვენებს ნადიმს. ჩემი მასპინძლები წინ ისე გამიგდებენ, როგორც მარეკები - ნადირს. ასე ახლოსმდგომი გიჟის აპათია სულის შეტოკებად არ ღირს... ღმერთმა შეუნდო და ღმერთმა აპატია მისკენ სიარულში დაღლილს. უცხო ეფემერა ისევ მეფერება. ნაცნობი სურნელი მეცა... თეთრი ტირილია, თეთრი ტირილია, თეთრი ტირილია ზეცა